დავით კეზერაშვილი და ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური სქემა. „მისტერ ობშორი“ – ასე იხსენიებს ტელეკომპანია „ბიბისი“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს და გაძარცვულ ათასობით ადამიანის ისტორიასა და მილიონობით დოლარის მითვისების სქემას ერთსაათიან ფილმში აერთიანებს.
ჟურნალისტური გამოძიების მასალები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მძიმე ბრალდება ახლა გამოძიებით უნდა დადასტურდეს. მათივე თქმით, საკითხი განსაკუთრებულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს არამარტო ფიგურანტ პირებს, არამედ საქართველოს. ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი მასშტაბის თაღლითური ქმედებანი ხელისუფლებასთან გარიგების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ბრალდების საპასუხოდ, მმართველი გუნდი ოპოზიციას იმ გამოძიებას ახსენებს, რომელიც საქართველოს პროკურატურამ სხვა ქვეყნების უწყებებთან ერთად ჩაატარა. რაც შეეხება თაღლითური სქემის კეზერაშვილთან კავშირს, „ქართულ ოცნებაში“ კითხვის ნიშნები „ბიბისის“ მასალის ნამდვილობასთან დაკავშირებით არ აქვთ.