„მისტერ ოფშორად“ მოხსენიებული დავით კეზერაშვილი და ინტერვიუ თაღლითობის მსხვერპლებთან – პენსიონრების ძარცვის საერთაშორისო ქსელზე „ბიბისის“ მიერ მომზადებულ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში იმ ირიბ მტკიცებულებებზეა საუბარი, რომლითაც დანაშაულებრივ სქემასთან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის კავშირები იკვეთება. თუ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს დავეყრდნობით, სწორედ კეზერაშვილია დაკავშირებული იმ კომპანიასთან, რომლის მფლობელობაში შემავალი სავაჭრო პლატფორმა პენსიონრებს მოგების სანაცვლოდ ინვესტირებას სთავაზობდა, სინამდვილეში კი მათ თანხებს საბანკო მონაცემებზე წვდომის გზით თაღლითურად ეუფლებოდა. ფილმში დაზარალებულები თავად ყვებიან, როგორ დაკარგეს წლების განმავლობაში ნაგროვები დანაზოგი. მსხვერპლთა შორის არიან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც. ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომლებიც თაღლითური სქემისთვის იყო შექმნილი, ფუნქციონირებდა საქართველოშიც. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილმში სწორედ თბილისში, ხუთი თვის წინ, გერმანელი სამართალდამცავებთან ერთად სხვადასხვა კომპანიაში ჩატარებული ჩხრეკის კადრებიც მოხვდა.