რუსეთზე ისაუბრა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ინტერვიუ BBC-ის მისცა.
რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთი დღეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
მსოფლიო რუკა, რომელიც რუსეთში იბეჭდება, რადიკალურად განსხვავდება იმათგან, რომელიც გამოიცემა აქ, თბილისში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში, – აცხადებს მარგველაშვილი. მისი თქმით, საქართველო ამ ასპექტში იმარჯვებს და რუსეთს, ფაქტობრივად, არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებს აღიარებენ. მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგის დაწყება ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ რუსეთმა უკრაინაში პრობლემა შექმნა და ხელი მოაწერა ე.წ. სტრატეგიულ შეთანხმებებს მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონებთან.
„რუსეთმა მოახდინა მეგობარი ქვეყნის ოკუპაცია, ამ ქვეყნის ნაწილის, ეს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე მოხდა. ამას არაფერი კარგი არ მოაქვს რუსეთის მოქალაქეებისთვის, -აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. მისივე თქმით, რუსეთი უბრალოდ სჯის თავის მეზობლებს. ამ პოლიტიკამ, მარგველაშვილის განცხადებით, დღეს რუსეთი იმ წერტილს მიუახლოვა, როდესაც მასთან ყოფნა არავის სურს და ყველა ცდილობს მოსკოვს გაექცეს.