50 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ბათუმის ახალ ბულვარში საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში მოქალაქეები სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ იმ მიზეზით, რომ ის ბულვარის სანაპიროზე პირდაპირ ველობილიკს ესაზღვრება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბათუმის სანაპირო, ფაქტობრივად, იკეტება. უსაფრთხოების თვალსაზრისით პროექტის შესწავლას ითხოვს „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრი“.
ბათუმის მერიაში მხოლოდ ზეპირი განცხადებით შემოიფარგლებიან. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა 2016 წელს გაიცა. ინვესტორის კუთვნილ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გადახედვის ან შეჩერებისთვის კი სამართლებრივი მექანიზმი ფაქტობრივად არ არსებობს.
7700 კვადრატულ მეტრზე სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობის შესახებ შეთანხმება აჭარის მთავრობასა და შ.პ.ს „რეკან გრუპ ჯორჯია“-ს შორის 2015 წელს გაფორმდა.
კომპანიამ ხელშეკრულება რამდენჯერმე დაარღვია, თუმცა, კომპანია არ დაუჯარიმებიათ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვადების დარღვევასთან დაკავშირებით კომპანიამ დასაბუთება წარადგინა.