ბაღები გათბობის გარეშე

გორის მუნიციპალიტეტის ათამდე საბავშვო ბაღი გათბობის გარეშეა დარჩენილი. სააღმზრდელო პროცესი გორის ორ სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე შეწყდა. ცენტრალური გათბობის სისტემა რამდენიმე ბაღში დროებით დენის გამათბობლებით ჩაანაცვლეს. გაზგამანაწილებელი კომპანია მოითხოვს საბავშვო ბაღებში გათბობის საქვაბე სტანდარტის შესაბამისად შენობის გარეთ დამონტაჟდეს. როგორც ირკვევა მუნიციპალიტეტის მერიამ აუცილებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება დროულად ვერ მოახერხა, რის გამოც 1000-მდე ბავშვი გათბობის გარეშეა დარჩენილი. მშობლების ნაწილი ბაღში ბავშვების წაყვანაზე უარს ამბობს. როდის დაასრულებს სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ამის თქმა რთულია. გორის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაში ირწმუნებოდნენ, რომ ყველა საბავშვო ბაღში სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდებოდა, თუმცა პრობლემა ისევ რჩება.

ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.