აზერბაიჯანის პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საქართველოდან გაჟღერდა.
ილჰამ ალიევის ვიზიტიდან ერთ-ერთი მთავარი ის განცხადებაა, რომელიც ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას გულისხმობს. თემა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის, გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის მიერ ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების ფონზე საერთაშორისო საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ევროკავშირთან ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების გაორმაგებას გეგმავს, ექსპორტის გასაზრდელად კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას აპირებს, ამავე მიზნით გეგმაშია ბაქო-სუფსის ტერმინალის დატვირთვაც. ბაქოს სურვილია, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ელექტროენერგიის საექსპორტო მარშრუტშიც იყოს ათვისებული.