პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ.
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, რომ რუსეთს საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე უარი უთხრას. ოთხი წლის წინ მოსკოვის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტილი ავიამიმოსვლის განახლების და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას ოპონენტები რუსეთის მორიგ პროვოკაციულ სვლად მიიჩნევენ და დარწმუნებულები არიან, რომ ფრენების დანიშვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე ნეგატიურად აისახება. ამ საფრთხეს გამორიცხავს მმართველი გუნდი, არგუმენტად კი ფრენების ნებართვის მხოლოდ არასანქცირებულ რუსულ კომპანიებზე გაცემის პირობა მოჰყავს.
შიდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების და ვნებათაღელვის ფონზე შეშფოთებულები არიან საერთაშორისო პარტნიორებიც. ოფიციალური თბილისი ბრიუსელის შემდეგ მეორე გაფრთხილებას ამჯერად ვაშინგტონიდან იღებს.