ისტორიული პროცესი იწყება ცხელ წერტილში – ავღანეთში ნატოს სამხედრო მისია დასრულებულად ცხადდება.
ქვეყანას ამერიკულ სამხედრო კონტინგენტთან და ნატოს მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც დატოვებენ. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ამერიკის საჯარისო ნაწილების გასვლა პირველი მაისიდან აიღებს სტარტს და სიმბოლურად თერთმეტ სექტემბერს, მასშტაბური ტერაქტებიდან 20 წლის თავზე დასრულდება. ნატოს მისიაში საქართველო, როგორც ორგანიზაციის არაწევრი ქვეყანა, ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ის სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდან არის ჩართული. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოკავშირეების მსგავსად მაისიდან ეტაპობრივად გამოვლენ. ამ მომენტისთვის ქაბულის, ბაგრამის და მაზარი-შარიფის ბაზებზე 860 ქართველი სამხედროა დისლოცირებული.