ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დილით მომხდარი ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას თავის ტრავმა აქვს, დანარჩენებს კი. ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.