ათი წელი გავიდა სირიის ომის დაწყებიდან, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა სრულად გაანადგურა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ცნობილი დღემდე არ არის, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, სირიაში ომს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მოსახლეობის ნახევარი კი დევნილად იქცა. სხვადასხვა ინფორმაციით, ათწლიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად სირიის ზარალი ერთ ტრილიონ დოლარს ასცდა. კონფლიქტი 2011 წლის 15 მარტს პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით დაიწყო. ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ სახელით მიმდინარე გამოსვლების მონაწილეები რეფორმებს ითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლებამ აქციებს სროლით უპასუხა. ომში არაერთი სახელმწიფოს ჩართვამ ქვეყანა კატასტროფის პირას მიიყვანა. საომარი მოქმედებების დასასრული დღემდე არ ჩანს.