საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა.
დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მოკავშირეობა. რეზოლუცია მხარს უჭერს ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ასევე, ქვეყნებს შორის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარებას.
აშშ-ის სენატი აფიქსირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს უსვამს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს დიდ წვლილს.
რეზოლუციაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ლიდერი რეგიონში დემოკრატიული განვითარების, პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით. აღიარებულია საქართველოს მთავრობის რეფორმები. აშშ-ის კონგრესი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში, ამასთან, გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.
სენატი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს და ლტოლვილს შეზღუდული აქვს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლება.
რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობას და გმობს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში სენატორებმა დევიდ პერდიუმ, ბენ კარდინმა და ჯონი იზაკსონმა წარადგინეს.