სანქციების ახალი ეტაპი – აშშ-ის სასანქციო პოლიტიკის სამიზნეები ამჯერად ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და „ალტ-ინფოს“ ლიდერები გახდნენ. სანქცირებულები არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ასევე ზურაბ მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მიზეზად აპრილ-მაისში გამართული აქციების დროს დემონსტრანტებზე ძალადობა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენები სახელდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაანონსებული სავიზო შეზღუდვების სია კი კიდევ უფრო ვრცელია და ის სხვადასხვა სფეროს 60-ზე მეტ წარმომადგენელს მოიცავს. დასახელებული გარემოებები გაუგებარია ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც ვაშინგტონთან საკითხის გარკვევას გეგმავს. მმართველი გუნდი სანქციებზე მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნოდ სიტუაციის ესკალაციის სურვილით ხსნის და ამ ნაბიჯს არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არამედ არაფორმალურ ძალებს უკავშირებს. სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება მოულოდნელი არ ყოფილა. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ გამწვავდა. კანონის უკან გაწვევის მოწოდების არ გათვალისწინების შემდეგ ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის პროცესი დაიწყო. სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად აშშ კონკრეტულ პირობებს აყენებს.