არჩევნების მოახლოების პარალელურად, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ცდილობს, მისი გათავისუფლების საკითხი ისევ დღის წესრიგის მთავარი თემა გახდეს. ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პატიმრობის საკითხის განხილვისთვის მადლობა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს გადაუხადა. თუმცა, როგორც გაირკვა, ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხი შეხვედრებზე არ განუხილავთ. ეს ინფორმაცია სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ამერიკის საელჩომ გაავრცელა და განმარტა, რომ შეხვედრებზე განხილვის თემა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები და არჩევნები იყო.
ექსპრეზიდენტის თანაგუნდელებისთვის კონკურენტული არჩევნების ჩატარება სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის. დანარჩენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ყოფილი პრეზიდენტის ქმედებები არ უკვირთ, საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით კი ამბობენ, რომ სააკაშვილი დასავლეთისთვის აქტუალური პოლიტიკური ფიგურა აღარ არის.