ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. სანქცირებული მოსამართლეების გვარები უკვე გამოქვეყნდა საქართველოში შტატების საელჩოს ვებ-გვერდზე. ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის საელჩომ კელი დეგნანის განცხადებაც გაავრცელა.