თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების ფურცლებზე.
ექვსწლიანი ხელშეკრულება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორების თანამშრომლობის მთავარი საყრდენი უნდა გახდეს. მემორანდუმი, რომელიც ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართველ კოლეგასთან გუშინ გააფორმა, პირველ რიგში რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შეკავების კონტექსტში ფასდება. საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ახალ ინიციატივაზე ხელმოწერილი დოკუმენტი ლოიდ ოსტინის ვიზიტის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი თემაა. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ საქართველოში ჩამოსული პენტაგონის ხელმძღვანელის მხარდამჭერი გზავნილები და მოსკოვის მისამართით საკმაოდ მკაცრი რიტორიკა საქართველო-ამერიკის მჭიდრო ურთიერთობის დასტურია. ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა, სადაც ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე მოსკოვის მისამართით საკმაოდ მკაფიო გზავნილები გააჟღერა. რეგიონულ ტურნეს ლოიდ ოსტინი ბრიუსელში, სწორედ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.