„სტრატეგიულად გაუგებარი და სამწუხარო“ – ასე უწოდებს მმართველი გუნდი ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, „ღირსეული პარტნიორი 2024“ -ის განუსაზღვრელი დროით გადადებას და მეორეს მხრივ ევროკავშირის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ევროპის სამშვიდობო ფონდიდან ქართული თავდაცვის ძალები გათვალისწინებულ 30 მილიონ ევროს დახმარების სახით ვეღარ მიიღებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაურკვეველი გეოპოლიტიკურ ვითარებაშია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დასავლეთი რუსულ საფრთხეებსა და რისკებზე ყოველდღიურად საუბრობს. ოპოზიცია კი პარტნიორების გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის პოლიტიკის ლოგიკურ შედეგად მიიჩნევს და ამ კონტექსტში საუბრობენ 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზეც.