პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ რეძიკოვოში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა საზეიმოდ გაიხსნეს. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ცერემონიას აშშ-ის ელჩსა და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბაზის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნისა და ნატო-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბაზის გახსნა „გამორჩეულ მოვლენად“ შეაფასა პოლონეთის, აშშ-ისა და ნატო-ს უსაფრთხოების ისტორიაში. მისი თქმით, კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში აჩვენებს საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას. ამერიკული ბაზა პოლონეთში აღჭურვილია სარაკეტო თავდაცვის სისტემით Aegis Ashore-ი, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და განადგურება მათი ფრენის საწყის ეტაპზე. ეს ევროპაში მეორე მსგავსი კომპლექსია.