ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოში შეხვედრებს იწყებს. „აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს. უზრა ზეიას თქმით, ის ჩამოვიდა საქართველოში, მათ შორის იმისთვის, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატოს. უზრა ზეია ვიზიტის ფარგლებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ასევე მედიასა და მესამე სექტორის წევრებს შეხვდება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა „გამჭვირვალობის კანონი“ და ორი ქვეყნის ურთიერთობები იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტს აფასებენ და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ პოლიტიკურ სპექტრში.