„მნიშვნელოვანია, ჩართულები ვიყოთ შესაბამის მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან, გვაქვს საკითხები, რომლებიც გვინდა პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ კითხვა დაუსვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში მიწვევაზე. „აგზავნით თუ არა დამაბნეველ სიგნალს ოფიციალური პირების მოწვევით და შემდეგ იმის თქმით, რომ დაასანქცირეთ მაღალჩინოსნები?“ – მიმართა ალექს რაუფოღლუმ ვედანტ პატელს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ჩართულობა მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პარტნიორების მისამართით მტრული განცხადებებისა და რიტორიკის მიუხედავად, ამერიკა მაინც განაგრძობს ჩვენთან მეგობრულ დამოკიდებულებას. უმრავლესობის შეფასებით კი, პარტნიორებთან ურთიერთობა და დიპლომატიური ენა არის პრიორიტეტული და მათი მხრიდან რეალურ, ხელშესახებ, პარტნიორულ ნაბიჯებს მიესალმებიან.