სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში ექვსი ახალი მოსამართლის უვადოდ გამწესების გამო საერთაშორისო რეაქციები მწვავდება.
ევროკომისიის შემდეგ მძიმე განცხადების ავტორი ამჯერად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია. მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს – ეს არის მთავარი გზავნილი ვაშინგტონიდან. იგივე აქცენტებია დასმული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და ამერიკის ელჩის დღევანდელ მოწოდებებშიც. ოპოზიცია, რომლის დიდმა ნაწილმა მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, სანქციების მოლოდინშია. სასამართლოს ამბიციური რეფორმა, იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნების შეჩერება 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მესამე პუნქტშია გაწერილი. თუმცა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების არგუმენტით ამ პუნქტს მმართველი გუნდი დარღვეულად არ მიიჩნევს და ნეგატიურ საერთაშორისო გამოხმაურებას არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ხსნის. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებაში იკითხება ერთი საინტერესო ფრაზაც – საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე საუბრისას მმართველი პარტია გარკვეულ ჩინოსნებს ახსენებს.