ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.
მეთიუ მილერის თქმით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და აზიანებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას. მეთიუ მილერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაც გაიხსენა, რომელშიც ენტონი ბლინკენი აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვაზე საუბრობს.