საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მორიგი კრიტიკული განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. დიპლომატიური უწყება წერს, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, – ნათქვამია შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ – „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური“.