ომის დაწყების შემდეგ პირველად ამერიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა.
ვიზიტი ბოლო დღემდე გასაიდუმლოებული იყო. ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინის მიმართ და სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დაპირება – ეს გზავნილები ჩაიტანა ჯო ბაიდენმა ომში მყოფ ქვეყანაში. დაანონსდა სანქციების ახალი პაკეტიც მოსკოვის წინააღმდეგ. გაკეთდა მკაფიო განცხადება რუსეთის მისამართითაც. თეთრი სახლის ლიდერმა პუტინს კიევიდან უთხრა, რომ ერთი წლის წინ მსოფლიო ლიდერების რეაგირების შეფასებების დროს შეცდა.
მედიის ცნობით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე, ბაიდენის ვიზიტი პოლონეთის საჰაერო სივრციდან კონტროლდებოდა. არაერთი მარშრუტის განხილვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.