შეერთებული შტატების კონგრესმა საბიუჯეტო კრიზისისა და მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასარიდებლად დროებითი, 6-კვირიანი ბიუჯეტის პროექტი, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დაამტკიცა. თუმცა, სადავო დოკუმენტიდან ამოიღეს უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი 6 მილიარდი დოლარი, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ აგვისტოში გამოყოფილი 24 მილიარდიანი დახმარების ნაწილი უნდა ყოფილიყო. ფაქტმა არა მხოლოდ ბაიდენის, არამედ ევროკავშირის შეშფოთებაც გამოიწვია. უკრაინა შტატების ფინანსური დახმარების გარეშე დარჩა მაშინ, როდესაც ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, ისტორიაში პირველად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, ალიანსის ფარგლებს გარეთ, კიევში ჩატარდა.