უკრაინის საზღვართან უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთი სატელეფონო დიალოგისთვის ემზადებიან.
მოსკოვის მუქარის ფონზე უკრაინაზე თავდასხმის საფრთხე სულ უფრო იზრდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კიევში აშშ-ის საელჩო დიპლომატიური კორპუსის ნაწილის ევაკუაციისთვის ემზადება. ამერიკამ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დარჩენის გადაწყვეტილებაც მიიღო. ხვალინდელ სატელეფონო საუბართან ერთად მთელი მსოფლიო აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის 10 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებებსაც ელოდება. ვაშინგტონის მოლოდინით, რიგ პუნქტებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება. კრემლისგან განსხვავებით, რომელმაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად იურიდიული გარანტიები მოითხოვა და ნატოს და ვაშინგტონს საკუთარი პირობები წაუყენა, თეთრ სახლში კონტრწინადადებებს ჯერ არ ასაჯაროებენ.