აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოშია – დიპლომატის ჩამოსვლის შესახებ ცნობა საელჩომ გაავრცელა. ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიგენის კანდიდატურა 14 იანვარს წარადგინა. რობინ დანიგენი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, სახელმწიფო დეპარტამენტში კი ის 1992 წლიდან მუშაობს. დიპლომატი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში. რობინ დანიგენმა საქართველოში კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციას 2020 წლიდან იკავებდა.