ოთხი წლის შემდეგ დაბრუნება თეთრ სახლში – დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია.
მოქმედ ვიცე-პრეზიდენტსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის არჩევანი ექს-პრეზიდენტზე გაკეთდა. ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელთა“ საპრეზიდენტო კანდიდატს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა აქვს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ე.წ. შვიდი მერყევი შტატი, სადაც ტრამპმა გაიმარჯვა. მათ შორის იმ შტატებშიც, სადაც წინა არჩევნებზე დემოკრატ კანდიდატს დაუჭირეს მხარი. ტრამპისთვის სასარგებლო შედეგი მნიშვნელოვნად განსაზღვრა პენსილვანიამ, რომელსაც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ელექტორალურ კოლეგიაში. საკმაოდ დიდი კონკურენცია, მკვეთრად პოლარიზებული გარემო, კანდიდატების მწვავე რიტორიკა – ხმის მიცემის პროცესს წინ დაძაბული საარჩევნო რბოლა უძღოდა. რეიტინგებში მცირე სხვაობიდან გამომდინარე კი არჩევნების შედეგების წინასწარ პროგნოზირება ბოლო მომენტამდე რთული იყო. თუმცა იყო მოლოდინები, რომ ოთხი თვის წინ მომხდარი თავდასხმა და მკვლელობის მცდელობა „რესპუბლიკელთა“ კანდიდატის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გაზრდიდა. 78 წლის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გზავნილების ფონზე მთავარი კითხვაა – რა გავლენას მოახდენს მისი გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე.