სანქციების შემდეგ ღია მუქარა – კიევიდან ოფიციალური თბილისის მისამართით რიტორიკა მწვავდება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის განცხადებამ ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი გააკვირვა. ალექსეი არესტოვიჩი საქართველოში ძალების პროეცირებას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის მიღწევების გახსენების ფონზე პრორუსულად მოხსენიებულ საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. „მილიონი ჩვენი ნაომარი ადამიანისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში“ – არესტოვიჩის ამ განცხადებას თბილისიდან მძაფრი რეაქციები მოჰყვა. ახალ გზავნილს მიღმა პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარას ხედავს მმართველი გუნდი. მოსალოდნელია რეაგირებაც – მომავალ კვირას „ქართული ოცნება“ განმარტებების მიღებას ყირიმის პლატფორმის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის რადას ვიცე-სპიკერისგან შეეცდება.
დღევანდელ განცხადებას, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოთხი ნათესავის მიმართ სანქციების დაწესებას, ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილიც.