არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. ქართველი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა. გიორგი გახარია დღეს წილკანში ჩავიდა, სადაც ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი დღეს არჩილ ტატუნაშვილის საფლავზეც იმყოფებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს და წამებით მოკლეს. მისი ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.