არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 

ორთვენახევრიანი მუშაობა დასრულებულია – პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მასშტაბური გაყალბების ფაქტები ვერ აღმოაჩინა.

100-გვერდიანი დასკვნის მიხედვით, გამოვლინდა ისეთი ტიპის ხარვეზები, რომლებსაც საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მსგავსი დარღვევის ძირითად მიზეზად კომისია პანდემიით გამოწვეულ სტრესულ გარემოს, გულგრილობას და საარჩევნო კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობას ასახელებს. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში დარღვევების შესახებ ინფორმაცია არა ფაქტებით, არამედ ვარაუდებით იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მცდარი ფორმულით მიღებული პარალელური დათვლის შედეგებზე. დასკვნის გაცნობის შემდეგ მმართველი გუნდი ოპონენტებს საბოტაჟში ადანაშაულებს. თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელმაც კომისიის მუშაობას თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა, დასკვნას არ ენდობა და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. გამონაკლისი მხოლოდ პარტია „მოქალაქეებია“.