ევროკავშირის ელჩმა დღეს ოპოზიციას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა, თუმცა „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კომისიაში მონაწილეობას არცერთი ოპოზიციური პარტია არ თანხმდება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის მიუხედავად, მმართველი პარტია არჩევნების საკითხის შესწავლას მაინც იწყებს და პირდაპირ ეთერში უბნების ნაწილის გადათვლასაც აპირებს. ჯერ უცნობია, მოუწევთ თუ არა კონკრეტულ ბრალდებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მისვლა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რისი უფლებაც კომისიის წევრებს რეგლამენტით აქვთ მინიჭებული.