პოსტსაარჩევნო რეალობა ბოლო არჩევნების შემდგომი პერიოდის იდენტურია. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. მათი მთავარი მოკავშირე და ერთგვარი ლიდერი ამჯერად ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ბოლო წლებში მმართველ გუნდს მწვავედ დაუპირისპირდა. სწორედ სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციით და მასთან კონსულტაციების შემდეგ გამოცხადდა არჩევნების შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც არჩევნების არალეგიტიმურობის არგუმენტით საპროტესტო აქციების დაწყებას გულისხმობს. ოთხი ოპოზიციური სუბიექტი, რომელმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე თვეებით ადრე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ქარტიას მოაწერა ხელი და დროებითი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას დათანხმდა, თავს გამარჯვებულად აცხადებს და საკუთარ პოზიციას მათ შორის ეგზიტპოლის მონაცემებითაც ამყარებს. ოპოზიციონერი ლიდერები არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარი შეფასებების ნაწილს იზიარებენ. არჩევნების გაყალბების დასტურად ოპოზიცია იმ სქემას ასახელებს, რომლის განხორციელება, მათივე მტკიცებით, ელექტრონული ტექნოლოგიით მოხდა. იმ ტექნოლოგიით, რომელსაც არჩევნებამდე მთელი პოლიტიკური სპექტრი ნდობას უცხადებდა. ის, რაც ახლა ხდება, წინასწარ დაწერილი და კარგად მომზადებული სცენარია მმართველი გუნდისთვის.