43%-იანი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგიდან არ იხსნება.
ხელისუფლების ოპონენტების ოპტიმიზმი დიდ ქალაქებში დანიშნულ მეორე ტურებს ემყარება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 30 ოქტომბრამდე გაერთიანების და ერთიანი კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის აუცილებლობაზე თანხმდება. ამ გეგმას არ იზიარებს გიორგი გახარიას პარტია, რომელმაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ყოფილი პრემიერი ძველ თანაგუნდელებთან ან ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში შესვლას გამორიცხავს და დაბალანსებული საკრებულოების მისაღებად ორივე მხარეს სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს. თუმცა გახარიას დღევანდელი გზავნილი არც ერთ ადრესატს არ მოსწონს. კოალიციური მთავრობის ფორმირების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი სამოქმედო სტრატეგია ქუჩაზეც გადის. ახლა საინტერესოა, ვინ შეუერთდება ოპოზიციიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თბილისში დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლას.