უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, ექნება თუ არა ნიკა მელიას შეთავაზებას დანარჩენი ოპოზიციისგან სრული მხარდაჭერა.
უკვე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მეორე ტურამდე ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის და მეორე ტურის შემდეგ კოალიციური მმართველობის იდეამ ოპოზიციურ სპექტრში პოზიციები გაყო. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავმჯდომარის ინიციატივის გარშემო კონსულტაციებს თითქმის დასრულებულად აცხადებს, თუმცა რამდენიმე პარტია შეთავაზებას უკვე გაემიჯნა, ზოგიერთი კი მეორე ტურის შედეგებამდე დუმილს არჩევს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან გაჟღერებულ კოალიციური მართვის ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომელიც 30 ოქტომბერს ოცივე ქალაქში მერობის საკუთარი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია. 2 ოქტომბრის შედეგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ურჩევს.