პოსტსაარჩევნო მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწევთ საარჩევნო ყუთთან მისვლა.
შაბათს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ელჩების შუამავლობით წარმართული მოლაპარაკების ორი რაუნდის მიუხედავად, ოპოზიციის ბოიკოტი ამ დრომდე ძალაში რჩება: დღევანდელი მონაცემებით, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, თუმცა კანონმდებლობიდან გამომდინარე ბიულეტენზე მათი გვარები მაინც იქნება. პროტესტის ხაზგასასმელად „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო კომისიებიდან საკუთარი წევრებიც გამოიწვია.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ის ორი კანდიდატი დაუპირისპირდება, ვინც 51 %-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღო. დედაქალაქის რვა და რეგიონის ცხრა მაჟორიტარულ ოლქში 1914 საარჩევნო უბანი გაიხსნება. იფუნქციონირებს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 და 81 სპეციალური კოვიდ-უბანი.