ცესკო-სთან გვიან ღამით განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური პროცესები და დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.
პარლამენტიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან განადანაცვლებული აქციის დროს სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. პირველად მაშინ, როდესაც ადგილზე შეკრებილმა ცალკეულმა აქტივისტებმა ქვების სროლა დაიწყეს და რკინის ჯებირის გარღვევა სცადეს, მეორედ კი მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა სპეცრაზმის გარღვევა სცადა. პანდემიის ფონზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად პოლიციას არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს და აინტერესებს, რატომ არ მოხდა აქციის მონაწილეთა წინასწარ გაფრთხილება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი არგუმენტი აქვს. არიან დაშავებულები და დაკავებულებიც. ცესკო-სთან განვითარებულ პროცესებზე სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობის მუხლებით არის აღძრული.