მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო დაპირისპირების კერებად იქცა გლდანი, მარნეული, ბოლნისი, ასევე თელავი. ოპოზიციური პარტიები საუბრობენ ე.წ. კარუსელის შემთხვევებზე, საარჩევნო უბნებთან მმართველი გუნდის კოორდინატორების მობილიზებაზე, ამომრჩევლების მოსყიდვა-ზეწოლასა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე. რამდენიმე უბანზე უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თავის მხრივ მმართველი გუნდი ოპონენტებს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაძაბვაში, ზონდერ-ჯგუფების დახმარებით პროვოკაციების მოწყობასა და არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს და იქვე დასძენს, რომ ამ პროვოკაციების შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები. დასახელდა ე.წ. ზონდერთა კონკრეტული გვარებიც. საარჩევნო უბნებთან დღეს იარაღიანი პირებიც გამოჩნდნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბს“ ხელმძღვანელობს, კამერებმა ცეცხლსასროლი იარაღით დააფიქსირეს. სწორედ შაშკინია ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ დასახელებულ იმ სამ პირს შორის, რომელთა მიმართ „ქართული ოცნები“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებდა.