არჩევნები საქართველოში და უცხოელი აქტორების როლი

გაფრთხილებების შემდეგ პირდაპირი მოწოდებები.

საერთაშორისო პარტნიორების წინასაარჩევნო რიტორიკა კიდევ უფრო მკაცრდება. „დემოკრატიული უკუსვლა“ – ასე აღწერს საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რომლის ტონი ხელისუფლების მისამართით საკმაოდ მწვავეა. ჯოზეფ ბორელის აზრით, 26 ოქტომბერს არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის უნდა გაკეთდეს. ანალოგიური გზავნილები იკითხება ამერიკის ჰელსინკის კომისიის მორიგ განცხადებაში, რომელიც ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ოთხი კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საკმაოდ მძიმე ტერმინებია გამოყენებული მმართველი გუნდის მისამართით. არჩევნების მოახლოების ფონზე „ქართული ოცნება“ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ზეწოლის გაძლიერებას პროგნოზირებს. ახალ განცხადებებს საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა თბილისში. მმართველი პარტიის ლიდერები ცალკეულ პარტნიორებს ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე მიუთითებენ და სუვერენული ქვეყნის პრინციპების გათვალისწინებას სთხოვენ. დასავლეთიდან გაჟღერებული გზავნილები და ოპოზიციური ძალების ნარატივი იდენტურია. უცხოელი პარტნიორების მსგავსად, ოპოზიცია ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენის შემთხვევაში ევროინტეგრაციის პროცესის საბოლოოდ შეჩერებას აანონსებს.