დღეს საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
არჩევნები ტარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.
არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხუთი დამკვირვებელი აკვირდება.
მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე, ონლაინ ჩატი.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.
ამას გარდა, 20 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.