არჩევნები და უცხოელ აქტორთა მოთხოვნები

წინასაარჩევნოდ საკმაოდ გამკაცრებული ტონი ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან.

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო ამჯერად ევროპული საბჭოს ახალ განცხადებაში აისახა. ევროკავშირის ლიდერები მთავრობის ქმედებებით შეშფოთებულები არიან. გზავნილია, რომ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს. კეთდება გამაფრთხილებელი კომენტარები და ისმის პირდაპირი მოწოდებები. ევროპელი ლიდერები 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტად მიიჩნევენ და საკუთარ განცხადებებში ირიბად მიუთითებენ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ვადით დარჩენას ეწინააღმდეგებიან და კოალიციურ მმართველობას უჭერენ მხარს. ანალოგიური გზავნილი იკითხებოდა ევროკავშირის ელჩის დღევანდელ გამოსვლაშიც, რომელიც საკმაოდ მწვავე შინაარსის იყო. გაკეთდა მინიშნებები უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზეც. დასახელდა ის კონკრეტული პირობები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არასდროს გაიღება. ოპოზიცია კმაყოფილია, მმართველი გუნდი არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვას პროგნოზირებს.