შეიძლებოდა თუ არა ტექნოლოგიური აპარატებით მანიპულაციები – ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამომრჩევლებს ხმის მიცემის ფარულობაში არწმუნებდა, პოზიციას ცვლის და არჩევნებს არალეგიტიმურად სწორედ ფარულობის დარღვევის არგუმენტით აცხადებს.
ისმის ხმების გაყალბების სხვა ვერსიებიც. საერთო ჯამში ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას 300 000 ხმის გაყალბებას ედავება. ამ კონტექსტში და ამჯერად ოპოზიციის გვერდით მდგომი პრეზიდენტის ფაქტორის გათვალისწინებით საინტერესო დამთხვევები იკვეთება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდთან, როცა დღეს ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ევროპული დონის ლიდერად მიჩნეული სალომე ზურაბიშვილი მაშინ იმავე ძალების მხრიდან მძიმე თავდასხმების სამიზნე იყო. სანამ ოპოზიცია გაყალბების კონკრეტული სქემების დასამტკიცებლად მტკიცებულებებს ეძებს, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა – რა რაოდენობის ხმები მიიღეს ოპოზიციურმა სუბიექტებმა 26 ოქტომბერს მათივე გათვლებით. ოპოზიციის მიერ სანდოდ მიჩნეული „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შედეგებიდან გამომდინარე, ეს კითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.