სკეპტიკური გამოხმაურება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ სადამკვირვებლო მისიასაც. „ჩემი ხმა“, რომელიც 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დააკვირდება. ოპოზიციური პარტიები არჩევნების დღეს ხელისუფლების მხრიდან გაყალბების მცდელობებს ელოდებიან და ამ კონტექსტში სადამკვირვებლო მისიების აქტიურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა ახლადდაფუძნებული მისიის მიმართ უნდობლობას ოპოზიციის რიგებშიც კი არ მალავენ. მისიაში გაწევრიანებული ორგანიზაციების წარსული საქმიანობის გათვალისწინებით, „ჩემი ხმისგან“ ობიექტურ სადამკვირვებლო ანგარიშებს და დასკვნებს არ ელოდება ხელისუფლებაც. განსაკუთრებული აქცენტი „სამართლიან არჩევნებზე“ და ყოფილი სახალხო დამცველის პლატფორმაზე კეთდება. მმართველი გუნდისთვის სადამკვირვებლო მისია უცხოეთიდან დაფინანსებული საარჩევნო კამპანიაა მმართველი პარტიის წინააღმდეგ და კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ.