26 ოქტომბერი – საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებულია. განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა. სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართა და მომავალ არჩევნებს რეფერენდუმი უწოდა, სადაც, მისი შეფასებით, პასუხი გაეცემა კითხვას – „ირჩევს საქართველო რუსეთს თუ ევროპას“ — პრეზიდენტის განცხადებას მმართველი პარტიის კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა სრულად გაიზიარა ოპოზიციამ, მათმა ნაწილმა კი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხიც შეახსენა. არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა მმართველი პარტიის საპასუხო განცხადებები „ქართულ ოცნებაში“, ქვეყნის პრეზიდენტს უახლესი წარსული შეახსენეს და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.