დაძაბული წინასაარჩევნო ფონი და მძიმე პროგნოზები.
პოსტსაარჩევნო შესაძლო არეულობაზე საუბრები ოპოზიციის მხრიდან სულ უფრო აქტიურდება. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მოსალოდნელ მძიმე სცენარებზე და შესაბამის რეაგირებაზე მიანიშნებენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც. არაერთი გამაფრთხილებელი გზავნილი გაისმა ევროკავშირის ელჩის დღევანდელ გამოსვლაში. ხელისუფლების მისამართით სულ უფრო მწვავდება ოფიციალური ვაშინგტონის ტონიც – ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბანერების შინაარსის შერბილების ნაცვლად ყოველდღიურად მძიმდება, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საკმაოდ მძაფრად აღიქმება. ყველა მხარე მთლიანად პროპორციული სისტემით ჩასატარებელ არჩევნებს გადამწყვეტად და ისტორიულად აცხადებს. მათ შორისაა პრეზიდენტი, რომელიც მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს და მმართველ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს. დღის წესრიგის მთავარი თემა ოპოზიციისთვის შეთავაზებული და მათი მხრიდან ხელმოწერილი ქარტიაა, რომელიც, როგორც ირკვევა, საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მომზადდა. არანაკლებ მწვავეა რეაქცია ხელისუფლებისგან, რომელიც არჩევნებში გარე ჩარევის მასშტაბის ზრდაზე მიუთითებს.