წინასაარჩევნო გარემოს ნეგატიურად აფასებს ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია.
გამოქვეყნდა ორი ანგარიში. გზავნილები და შეფასებები ძირითადად იდენტურია. არათანაბარი და პოლარიზებული გარემო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება, მესამე სექტორის დისკრედიტაცია, არასაკმარისი რაოდენობის უბნები საზღვარგარეთ – სწორედ ამ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს საკუთარ დასკვნებში ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ და სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“, რომელიც 30 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ყურადღებაა გამახვილებული პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების მცდელობაზეც. იგულისხმება ინფორმაცია ცალკეული მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე და რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გააქტიურებაზეც მიუთითებენ. ხელისუფლება დასკვნების ავტორებს უნდობლობას უცხადებს. არგუმენტად 2020 წელს ისფედის მიერ გავრცელებული პარალელური დათვლის არასწორი მონაცემები და ბოლო კვირებში ჩატარებული კვლევები სახელდება. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მმართველი გუნდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობას მიკერძოებულად და კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულად აცხადებს.