არჩევნები 2024

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის პარლამენტს ხვალ მთლიანად პროპორციული სისტემით აირჩევენ.

საარჩევნო უბნების გახსნამდე 23 საათი რჩება. არჩევნები ისტორიულია იმ მხრივაც, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ხმას ელექტრონულად მისცემს. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 18 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის. ბლოკების აკრძალვის პირობებში დიდი ოპოზიციური გაერთიანების ფორმირება ვერ მოხერხდა, თუმცა შექმნილია სამი ოპოზიციური ცენტრი. წინა არჩევნებისგან გასხვავებით, ხვალინდელი არჩევნების წინასწარი შედეგები კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან და უბნების დახურვიდან მალევე, ერთ ან ორ საათში გახდება ცნობილი. ბიულეტენებს ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი დათვლის და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მონაცემები ასევე ელექტრონულად გადაეგზავნება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ 848 უბანი, სადაც ხმის მიცემის პროცესი არაელექტრონულად, ანუ ძველი წესით ჩატარდება. ხვალინდელ არჩევნებს ათეულობით ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებენ.