არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმის ძმა დაიკითხა, რომელსაც ამავდროულად, მამასა და ძმასთან ერთად, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი აქვს წარდგენილი.დაკითხული 21 წლის არის და პატიმრობაში არ იმყოფება. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, მოწმემ დაკითხვისას თქვა, რომ მისი ძმა სხდომაზე ჩვენების მიცემისას საკუთარი მეგობრების, ბრალდებული არასრულწლოვნების გადარჩენას ცდილობდა.

„დაიკითხა კონფლიქტის მონაწილის ძმა. როგორც დაკითხულმა აღნიშნა, მისი ძმა მეგობრების გადასარჩენად ცდილობდა, მათთვის სასურველი ჩვენება დაეფიქსირებინა. ასევე, მოწმემ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი მისი ნათესავია“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა პირმა, რომელიც საქმის მთავარი მოწმის ძმაა, სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა იმაზე, თუ სად იმყოფებოდა ერთ-ერთი ბრალდებული მომხდარის შემდეგ.

„მთავარი მოწმის ძმამ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, როგორ დამალეს გარკვეული პირები. ამ მოწმის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია სხვა მოწმეების დისკრედიტაციისთვის. იკვეთება, რომ კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სხვა ადამიანები არ მიცემულიყვნენ პასუხისგებაში. დაცვის მხარე პირველივე დღიდან ვაპელირებთ, რომ ამ საქმით დაინტერესებული არიან კონკრეტული პირები“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.  ამასთან, დღევანდელ პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.