პარლამენტი სკოლის უსაფრთხოების სისტემისა და მანდატურის სამსახურის გაძლიერებაზე მუშაობას იწყებს
პარლამენტი სკოლის უსაფრთხოების სისტემისა და მანდატურის სამსახურის გაძლიერებაზე მუშაობას იწყებს

პარლამენტი სკოლის უსაფრთხოების სისტემისა და მანდატურის სამსახურის გაძლიერებაზე მუშაობას იწყებს. დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. ახალი ინიციატივების მიხედვით, უფრო დამოუკიდებელი გახდება მანდატური და გაიზრდება მისი უფლებამოვალეობა. მანდატური კონფლიქტზე რეაგირების გარდა მის პრევენციაზეც იქნება პასუხისმგებელი.

როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის მომხდარი ტრაგედიაა.

„არავისთვის არ არის სიახლე, რომ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რომელიც განვითარდა ხორავაზე, რეალურად მოითხოვა ფუნდამენტური გადახედვა არსებული სიტუაციის, რადგან მსგავსი ტრაგედია წლების განმავლობაში არ ყოფილა დაფიქსირებული. კანონპროექტი გულისხმობს მანდატურის თანამშრომლის მიმართ უფრო გაზრდილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული მომზადების თვალსაზრისით. ასევე მანდატურის სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდას, თანამშრომლობით პრინციპზე ყურადღების გამახვილებას სკოლის ადმინისტრაციასა და მანდატურს შორის და რაც მთავარია, მანდატურის პასუხისმგებლობის გაფართოებას არა მხოლოდ რეაგირების თვალსაზრისით, არამედ პრევენციულ კომპონენტზე ყურადღების გამახვილებით.

მანდატურები უშუალოდ ჩაერთვებიან საინფორმაციო ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების დროს სკოლის ევაკუაციისა და სხვადასხვა მმართველობით საკითხებში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტის მიხედვით, ძლიერდება ვიდეომონიტორინგი და ფსიქოლოგების სამსახური.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ძლიერდება ფსიქოლოგების კომპონენტი, რომელიც უშუალოდ მანდატურის სამსახურის სტრუქტურის ქვეშ მუშაობს დღეისთვის, მაგრამ შესაძლებელია აღნიშნული სამსახურის შემდგომი გაფართოება და რევიზია. ასევე მნიშვნელოვანია ვიდეომონიტორინგის გაძლიერება არა მხოლოდ სკოლის შიდა ტერიტორიაზე, არამედ ასევე სკოლის გარე პერიმეტრებზე“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

საკანონმდებლო პაკეტზე განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ.