ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების სანდოობის საკითხი წინასაარჩევნო დავის საგნად იქცა. მმართველი გუნდი, წარსული საქმიანობის გათვალისწინებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს, რის გამოც მათგან კამპანიის და კენჭისყრის დღის მიუკერძოებელ შეფასებებს არ ელოდება. განსაკუთრებული აქცენტი „სამართლიან არჩევნებზე“ კეთდება, რომელიც 30-მდე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი წევრია. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება 2020 წლის სკანდალი, როდესაც არჩევნებიდან მალევე მათი პარალელური დათვლის შედეგებში სახელისუფლებო გუნდმა ცდომილებები აღმოაჩინა, რაც მოგვიანებით თავადაც აღიარეს. ბოლო წლებში მმართველ გუნდსა და ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე ნდობის საკითხი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მითუმეტეს მაშინ, როცა საერთაშორისო მისიები საკუთარი ანგარიშების მომზადების დროს ძირითადად სწორედ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ მასალებსა და ინფორმაციას ეყრდნობიან და სწორედ ამ დასკვნებზეა დამოკიდებული არჩევნების ლეგიტიმაცია. სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, როგორ ესახებათ ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ მხარეებად გამოცხადებულ ორგანიზაციებს საკუთარი დასკვნების ობიექტურობაში მოსახლეობის დარწმუნება.