პროტესტის ფონზე დამტკიცებული კანონის ამოქმედების დრო ახლოვდება. თუმცა, ადრესატების დიდი ნაწილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით დადგენილი წესების დაცვას, შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებას და შემოსავლების დეკლარირებას არ აპირებს. უარის ფონზე მმართველი გუნდი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. კვლევის სამიზნე ის ორგანიზაციები იყვნენ, რომლებმაც კანონმდებლობით მოთხოვნილი რეგულაციების შესრულებაზე ჯერ კიდევ სამი თვის წინ ხელმოწერებით თქვეს უარი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ორგანიზაციების დიდ ნაწილს არ გააჩნია ვებ-გვერდი, არ ასაჯაროებს მიღებული გრანტების ოდენობას, პროექტებს და ინფორმაციას დონორების შესახებ, ასევე უცნობია პროექტებში ჩართულ პირთა ვინაობა. კვლევამ ხელისუფლებას კიდევ უფრო გაუმყარა პოზიცია იმის შესახებ, რომ ცალკეულ უცხოელ დონორთა დაფინანსება პოლიტიკურ და რადიკალურ პროცესებს ხმარდება. კვლევის გასაჯაროებულ შედეგებს და შეფასების კრიტერიუმებს დაპირისპირების ახალი ტალღა მოჰყვა.
თათია მაყაშვილი არკვევდა, რამდენად გამჭვირვალეა მესამე სექტორის საქმიანობა და ფინანსები სადავო კანონის ამოქმედებამდე.